top of page
ლოგო-მუქი.png

სახვითი ხელოვნების ფონდი

სახვითი ხელოვნების ფონდი ინახავს ქართული, რუსული, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპული სახვითი ხელოვნების ძვირფას კოლექციას. ის მოცულობითა და მნიშვნელობით ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

სახვითი ხელოვნების, ფერწერისა და გრაფიკის ფონდში დაცულია 300-ზე მეტი ქართველი მხატვრის 10 000-მდე ექსპონატი, რომელიც სრულად წარმოაჩენს ქართული თეატრალური მხატვრობის ისტორიას. ფონდში დაცული კოლექცია მოიცავს თეატრის ფიგურების დახატულ პორტრეტებს, დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზებს, გრაფიკულ კომპოზიციებს, ირანულ მინიატურებს, ფრანგულ და გერმანულ გრავიურებს და ფერადი ლითოგრაფიის ნიმუშებს. ფონდში დაცულია კოტე მარჯანიშვილთან მოღვაწე მხატვრების: პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის და სხვათა ნამუშევრები. აქვეა დაცული თამარ აბაკელიას, სერგო ქობულაძის, სოლომონ ვირსალაძის, ივანე ასკურავას, ირაკლი თოიძის, თამარ და დიმიტრი თავაძეების, ნიკოლოზ ყაზბეგის, ფარნა ლაპიაშვილის, რევაზ და თენგიზ მირზაშვილების, ვლადიმერ და მამია მალაზონების, გიორგი მესხიშვილის, თეიმურაზ მურვანიძის, თეიმურაზ ნინუას და სხვათა ნამუშევრები, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ სცენოგრაფიასა და სახვით ხელოვნებაში. ქართველი მხატვრების გარდა, ფონდში ასევე ინახება რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა უცხოელი მხატვრების ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ფონდში დაცულია მე-20 საუკუნის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში ჩამოყალიბებული ასოციაციის „მირ ისკუსტვოს“ წევრების, ე.წ. რუსული მხატვრობის „ვერცხლის ხანის“ წარმომადგენლების, კონსტანტინ კოროვინის, ლევ ბაკსტის, ალექსანდრე ბენუას, ალექსანდრე გოლოვინის და ვიქტორ სიმოვის ნამუშევრები.

აქვეა წარმოდგენილი ქართული მოდერნისტული მხატვრობის ყველაზე ვრცელი კოლექცია. პეტრე ოცხელის ასზე მეტ ნამუშევარს შორის, აქვე ინახება ისეთი მნიშვნელოვანი ესკიზები, როგორიცაა: „მშენებელი სოლნესი“ (1931), „მუნჯები ლაპარაკობდნენ“ (1931), „კეთილი ჯარისკაცი შვეიკი“ (1931), „სიხარულის ქუჩა“ (1932), „ბომბეი“ (1932), „ყაჩაღები“ (1932), „ოტელო“ (1933). აქვე ინახება ამავე ავტორის მიერ შექმნილი ფილმისთვის „მფრინავი მხატვარი“ (1936) უნიკალური ესკიზები.


ფონდში ასევე ინახება მსოფლიოში ცნობილი პრიმიტივისტი ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი „მწეველი კაცი“, ქართული რეალისტური მხატვრობის ისეთი ცნობილი წარმომადგენლების ნამუშევრები, როგორებიც არიან: გიგო გაბაშვილი, ალექსანდრე ბერიძე. ახალი ქართული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლების: შალვა ქიქოძის, დავით კაკაბაძის, სერგო ქობულაძის, ლადო გუდიაშვილის და სხვების ბრწყინვალე ტილოები ან ესკიზები.


რუსული მხატვრობიდან აღსანიშნავია მიხაილ ნესტეროვის „ტბის პირას პეიზაჟი“, კონსტანტინ სომოვის „თავისუფალი თეატრის ფარდა“, „მირ ისკუსტვას“ დამფუძნებლისა და მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრე ბენუას, მხატვარ ლეონ ბაკსტს, რეჟისორ სერგეი ეიზენშტეინს და სხვათა ნამუშევრები.

დასავლეთ ევროპული ნახატების კოლექციაში შედის ფლამანდიური სახვითი ხელოვნების შედევრი, დავიდ ტენიერ უმცროსის „შურული ცოლი“, ფლორენციელი მხატვრის, მიქელანჯელო მეუჩის ნატურმორტი, ფრანგი ექსპრესიონისტი მხატვრის, ფერნან ლეჟეს და იტალიელი პოეტის, მწერლისა და სცენარისტის, ტონინო გუერას ნამუშევრები.

აღმოსავლური კოლექცია მოიცავს ყაჯარების ნამუშევრებს. მათ შორის გამოირჩევა უნიკალური პაპიე-მაშეს სცენა „სოლომონი და მისი კარის“ ნამუშევრები, ხოლო აქ დაცული ყაჯარების მინიატურები წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ნახატების ვარიაციას, რომლებიც წარმოდგენილია ერმიტაჟისა და ალბერტისა და ვიქტორიას მუზეუმების კოლექციებში და შეიქმნა თანამედროვე პერიოდში, კერძოდ, ფათი ალი შაჰის (1797–1834) მეფობის დროს.

bottom of page