
ტექსტილის ფონდი
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის No213 დადგენილებით, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი გაერთიანდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან.
მუზეუმი 1913 წელს გაიხსნა მუშტაიდის ბაღში სპეციალურად აშენებულ შენობაში. კოლექციები ეფუძნებოდა „კავკასიის ხელოსნობის კომიტეტის“ ნიმუშებს, რომელიც რუსეთის იმპერიამ 1899 წელს დააარსა. კომიტეტის მიზანი იყო კავკასიაში ხალხური რეწვის ცენტრებისა და ოსტატების რეგისტრაცია, შესწავლა, დაცვა და ტრადიციული მოტივების ინტეგრირება თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებით და ხალხურ ხელოვნებაში. ეს კონცეფცია პირდაპირ იმეორებდა ევროპაში პოპულარული ანტიინდუსტრიული მოძრაობის - „ხელოვნებისა და ხელოსნობის“ იდეებს, რომელსაც მუზეუმის კურატორები კარგად იცნობდნენ. მუზეუმსა და კომიტეტს, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე მუდმივი საგამოფენო სივრცის გარდა, ჰქონდა სხვადასხვა სამხატვრო და შემოქმედებითი სახელოსნოები.
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-1921) მუზეუმმა დაკარგა კავშირი აზერბაიჯანის, სომხეთისა და დაღესტნის ექსპერიმენტულ სახელოსნოებთან. 1921 წელს რეგიონის გასაბჭოებასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან მისი ფინანსური მხარდაჭერაც შეიზღუდა. მიუხედავად ამისა, მუზეუმმა შეინარჩუნა მნიშვნელოვანი მატერიალური და სამეცნიერო ბაზა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა წარმატებული პროექტები და გამდიდრდა კოლექციები.
1920-იან წლებში შენობის დაკარგვის შემდეგ, მუზეუმმა რამდენჯერმე გამოიცვალა ადგილი და 2006 წლიდან ის სპეციალურად მისთვის შეძენილ შენობაში, შალვა დადიანის ქუჩაზე, 28 ნომერში მდებარეობს.
