
აფიშების ფონდი
პლაკატების ფონდი მუზეუმის დაარსებისთანავე შეიქმნა და 70 000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს. ფონდის მცირე ნაწილი, დაახლოებით 4000 ექსპონატი (რევოლუციამდელი პერიოდი), ქრონოლოგიურად არის დალაგებული. რევოლუციამდელი ფონდები მდიდარია პროფესიული ქართული და არაქართული თეატრებისა და პროფესიული თეატრის მოღვაწეების: ვანო სარაჯიშვილის, ვასო აბაშიძის, მაკო საფაროვა-აბაშიძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, გიორგი ფრონისპირელის, ვალერიან გუნიას, ნატო გაბუნიას, იუზა ზარდალიშვილის, კოტე მესხის, თეოდორ ჩალიაპინის, მოსკოვის საიმპერატორო თეატრის მსახიობების და სხვათა შემოქმედების ამსახველი პლაკატებით, ასევე სცენის მოყვარულთა დრამატული წრეებისა და სახალხო თეატრების შემოქმედების ამსახველი მასალებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რევოლუციამდელი და რევოლუციის შემდგომი პერიოდის ოპერის თეატრის ფონდი, რომელიც მოიცავს 1871 წლიდან დღემდე პერიოდს. ამ ფონდში დაცული პლაკატები განსაკუთრებული ღირებულებისაა, რადგან 1973 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმი ხანძარმა მთლიანად გაანადგურა და საცავებში დაცული პლაკატების დიდი ნაწილი ჩვენთვის შემორჩენილი ერთადერთი ასლია. ფონდში შედის სახაზინო თეატრში, ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლში, ნიკიტინის ცირკში, ვერაზე, ორთაჭალაში, ავჭალაში, ავლაბარში, მუსლიმურ აუდიტორიებში, ხელოსნთა კლუბებსა და სხვა სცენებზე გამართული წარმოდგენები.
ფონდი მდიდარია ქართული კინოს ისტორიისა და განვითარების ამსახველი მხატვრული პოსტერებით - მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური ფილმი.
