
ბრუნო ვეფხვაძის პერსონალური გამოფენა
25 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ ცნობილი ქართველი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის, პერსონალური გამოფენის გახსნაზე.
ბრუნო ვეფხვაძის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მხატვრული ტრადიციისა და ინდივიდუალური ხედვის თანხვედრა. იგი ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია - ოჯახის სახელოვნებო ტრადიციას კი სათავე მისმა დიდმა ბაბუამ, მხატვარმა ივანე ვეფხვაძემ, დაუდო.
1986 წელს თბილისში დაბადებულმა ბრუნო ვეფხვაძემ პროფესიული განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო. მისი შემოქმედებითი გზა წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან საგამოფენო სივრცეს დაუკავშირდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2016 წელს მხატვრის ნამუშევრები საფრანგეთში, მარსელში, ARC Salon-ის საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი. მისი ნამუშევრები სხვადასხვა წლებში გამოიფინა თბილისში, რუსთავში, ესპანეთსა და სხვა საგამოფენო სივრცეებში. ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევრები ასევე დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
მხატვრის ახალი პერსონალური გამოფენა დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, უფრო ახლოს გაეცნოს მის შემოქმედებით სამყაროს, მხატვრულ ენასა და ინდივიდუალურ ხედვას. ექსპოზიცია ერთ სივრცეში მოუყრის თავს ნამუშევრებს, რომლებშიც იკვეთება როგორც მრავალწლიანი სახელოვნებო ტრადიციის გავლენა, ისე ავტორის პირადი შემოქმედებითი ძიებები.
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.
