
ელენე რამიშვილი - საშობაო ზარდახშა
13 დეკემბერს, 17:00 საათზე ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს ელენე რამიშვილის გამოფენას ,,საშობაო ზარდახშა“ს.
ქართველი მხატვარი და დიზაინერი, უკვე ათწლეულზე მეტია რაც მოღვაწეობს ფერწერისა და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით. იგი ბავშვობიდან ქმნიდა დიდი განცდებისა და ემოციების მატარებელ კომპოზიციებს.
,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სასახლეში. დროა ჩემი ზარდახშა გავხსნა და საშობაო, ფერადი, საგანძური გაგიზიაროთ. პაწაწინა დეტალებისგან აკინძული დიდი პანო, რომელშიც უამრავი ზღაპარია მოთხრობილი. გაგაცნობთ ათასგვარად ნაამბობ ბუხრისპირა ისტორიებს, წელიწადის დროებს, მრავალფეროვანი ძაფებით ნაქარგ თავგადასავლებს. შეგახვედრებთ ბროწეულასა და მამიდა არიადნას, მაგიურ ღრუბლებსა და უთვალავ პატარა ანგელოზს. გამოგზაურებთ სამშვენისებით გაშენებულ ბაღში, რომელშიც მრავალი წელი ვთესდი სიკეთეს იმისათვის, რომ თქვენი სტუმრობა გარდამექმნა იმგვარ მოგონებას, რომელიც გაგათბობდათ ისე, როგორც შობა, ბავშვობა და სიყვარული. მეწვიეთ, გელით... სიყვარულით, თქვენი ელო...“
