
ნაგავსაყრელიდან მუზეუმის კოლექციამდე — ნიკოლოზ II-ის პორტრეტი
გუშინ თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და მკვლევრის, ქალბატონ ნანა ქარდავას მიერ ნაგავსაყრელზე იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პორტრეტის აღმოჩენას.
მეცნიერისა და პატრიოტისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერებით, ქალბატონმა ნანა ქარდავამ დღეს ნამუშევარი მუზეუმში მოიტანა და ხელოვნების სასახლეს გადასცა.
გვინდა, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ — მისი ყურადღებისა და პასუხისმგებლობის წყალობით, კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საინტერესო ნიმუში განადგურებას გადაურჩა.
ტილოს მნიშვნელობას მხოლოდ მისი ისტორიული კონტექსტი არ განაპირობებს. მასზე გამოსახულია იმპერატორი ნიკოლოზ II, რომელიც მართლმადიდებლური სამყაროს მიერ წმინდანად არის შერაცხული. ამასთანავე, ნამუშევარს გამორჩეული მხატვრული ღირებულებაც აქვს.
პორტრეტის კომპოზიციური ტიპი აშკარა სიახლოვეს ავლენს დიდი რუსი მხატვრის, ილია რეპინის, მიერ 1895–1896 წლებში შექმნილ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პორტრეტებთან. რეპინმა ახალგაზრდა იმპერატორის რამდენიმე ოფიციალური პორტრეტი შექმნა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ნიკოლოზ II-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარადული იკონოგრაფიული ტიპი.
ჩვენს ტილოზე რეპინისეულ ნიმუშებთან განსაკუთრებით საინტერესო პარალელებს ქმნის იმპერატორის პოზა და თავის მობრუნება, მზერის მიმართულება, მუქი სამხედრო მუნდირი წითელი საყელოთი, ოქროს აქსელბანტი, დიაგონალურად დაშვებული პორტუპეა და მარჯვენა ხელის დამახასიათებელი ჟესტი.
ეს მსგავსებები გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ეტაპზე ნამუშევარი ილია რეპინის მიერ შექმნილ ნიკოლოზ II-ის პორტრეტულ ტიპს დავუკავშიროთ. უშუალოდ ავტორის დასახელება კი შემდგომ კვლევას მოითხოვს - აუცილებელია ტილოს ტექნოლოგიური შესწავლა, მისი ზურგისა და შესაძლო წარწერების გამოკვლევა, ასევე რეპინის ცნობილი ვარიანტებისა და მათი ასლების დეტალური შედარება.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გარემოებაც, რომ ასეთი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის მქონე ტილო სრულიად შემთხვევით, განადგურების ზღვარზე მყოფი მდგომარეობიდან, პატრიოტმა მეცნიერმა აღმოაჩინა და დღეს უკვე მუზეუმის კოლექციაშია დაცული.
ქალბატონ ნანა ქარდავას ყურადღებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წყალობით, კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საინტერესო ნიმუში სამუდამო განადგურებას გადაურჩა.
ხელოვნების სასახლე მადლობას უხდის ქალბატონ ნანა ქარდავას ნამუშევრის აღმოჩენისა და მუზეუმისთვის გადმოცემისთვის.
