
„მემატიანე“ — ახალი სამეცნიერო-კულტურული და ისტორიული ჟურნალი
2026 წლის მაისში გამოიცემა ისტორიკოსთა, ლიტერატორთა, მუზეუმელთა და ზოგადად ხელოვანთა ახალი სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი — „მემატიანე“. ჟურნალის დამფუძნებლები არიან საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება და სასახლე-მუზეუმთა გაერთიანება.
„მემატიანეს“ პირველი ნომერი ეძღვნება გამორჩეულ ქართველ ქალს — სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს, რომლის დაბადებიდან 210 წელი სრულდება. XXI საუკუნეში, ხელოვნური ინტელექტისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ისტორიის, ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ბეჭდური გამოცემებისთვის თითქოს სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელექტრონული გამოცემები და ციფრული დოკუმენტები ყოველდღიურად უფრო პოპულარული და პრაქტიკული ხდება. თუმცა გვჯერა, რომ, როგორც თავის დროზე წიგნის ბეჭდვამ ხელნაწერს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა, ხოლო პოპკულტურის განვითარებამ კლასიკური ხელოვნება კიდევ უფრო ფასეული გახადა, ასე იქნება ბეჭდური ჟურნალების შემთხვევაშიც — ისინი უფრო ღირებული, მიმზიდველი და საყურადღებო გახდება მეცნიერებითა და კულტურით დაინტერესებული მკითხველისთვის. ჟურნალი მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და იბეჭდება სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის — „საქპატენტის“ პოლიგრაფიულ ბაზაზე, საქართველოს ხელოვნების სასახლესა და „საქპატენტს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
ვიმედოვნებთ, რომ „მემატიანე“ უკვე პირველი ნომრიდანვე დაიმკვიდრებს ადგილს მკითხველის ცნობიერებაში და გახდება მუდმივი თანამგზავრი მათთვის, ვისაც აინტერესებს საკუთარი ქვეყნის წარსული და მისი მნიშვნელობა თანამედროვეობაში. ჟურნალის მთავარი რედაქტორია გიორგი კალანდია, პასუხისმგებელი რედაქტორი — ირაკლი ჭითანავა, სტილისტ-რედაქტორი — ელენე სალარიძე, სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან იზოლდა მელიქიშვილი, დავით ოყუჯავა და დავით მელაძე, ხოლო ჟურნალის მენეჯერი — ირაკლი ზამბახიძე. „სწორედ ისტორიის ცოდნით ვქმნით მომავალს!“ ჟურნალი მაისის მეორე ნახევარში გამოვა და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისში, ხელოვნების სასახლის სამუზეუმო მაღაზიაში (ქ. კარგარეთელის N6), ასევე ზუგდიდში — გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში.
