top of page
ლოგო-მუქი.png

ოლესია თავაძის კატალოგის პრეზენტაცია

23 სექტემბერს, 15:00 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლე მხატვარი, ფერმწერი, ილუსტრატორისა და არა ერთი წიგნისა თუ ხელნაკეთი კოსტიუმების ავტორის ოლესია (ლესა) თავაძის კატალოგის პრეზენტაციაზე გიწვევთ. ოლესია (ლესა) თავაძე 1944 წლის 17 იანვარს, ქალაქ თბილისში დაიბადა. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1963 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (შუალედში, ორი წელი მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში) - ფერწერის, წიგნის გრაფიკისა და თეატრალური მხატვრობის სახელოსნოებში. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ, გაამზადა საცირკო კოსტიუმების ესკიზები საქართველოს საცირკო დასისათვის. 1973-75 წლებში მუშაობდა მთავარ მხატვრად თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1978-79 წწ-ში მთავარ მხატვრად თბილისის მინიატიურებს თეატრში, ჟურნალ Литературная Грузия-ს მთავარ მხატვრად (1996–2006), მხატვრად თეატრისა და კინოს მუზეუმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოსტიუმების ისტორიის კურსის მიწვეულ ლექტორად. გაფორმებული აქვს არაერთი სპექტაკლი თბილისისა და ბათუმის თეატრებში. მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, შესრულებული აქვს არაერთი წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია (მათ შორის, შექსპირის პიესები “მეფე და ჯონი” და “სიყვარულის ამაო გარჯა” - შექსპირის თხზულებათა I ტომი). მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში და ინახება მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში, ლაურეატია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სამხატვრო კონკურსისა. ავტორია არაერთი ხელოვნებათმცოდნეობითი სტატიისა და რეცენზიის, აგრეთვე საბავშვო წიგნის “Bursunsul and Paskualina”, რომელიც 2007 წ. პრემირებული იყო საერთაშორისო კონკურსზე “Step by Step” (ნიუ–იორკი – ამსტერდამი) და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე. ქართულ ენაზე გამოცემული პირველი წიგნი, პროზაული მინიატიურების კრებული – “სევდიანი ჩანაწერები” იყო (2011). ამავე წელს საქართველოს საპატრიარქოს საბავშვო წიგნების მეორე ფესტივალზე გაიმარჯვა ორ ნომინაციაში: საუკეთესო საბავშვო ილუსტრაციებისა (“პასკუალინა და ბუსუნსულა”) საუკეთესო საბავშვო წიგნის (“პატარა მაწანწალა”) ავტორმა.

გამოცემა მომზადდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.


bottom of page