top of page

ჟურნალი ,,მემატიანეს" პრეზენტაცია

13 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში გაიმართება სამეცნიერო-პოპულარული, ორენოვანი ჟურნალის -„მემატიანეს“ მეორე ნომრის პრეზენტაცია.

„მემატიანე“ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებისა და საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების ერთობლივი პროექტია. ჟურნალი ისტორიის, ხელოვნებისა და კულტურის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს და მიზნად ისახავს როგორც პროფესიული კვლევების, ისე ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო ისტორიული და კულტურული მასალის ერთ სივრცეში თავმოყრას. ჟურნალის პირველი ნომერი, რომელიც სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალს - ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს მიეძღვნა, მკითხველმა განსაკუთრებული ინტერესით მიიღო. მეორე ნომერი კი კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებას, სამეცნიერო მოღვაწეობასა და მემკვიდრეობას ეძღვნება.

ივანე ჯავახიშვილის სახელი განუყოფლად არის დაკავშირებული ქართული ისტორიოგრაფიისა და საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის განვითარებასთან. „მემატიანეს“ მეორე ნომერი მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა კუთხით გაიცნოს მეცნიერის მოღვაწეობა, მისი ეპოქა, სამეცნიერო მემკვიდრეობა და ის მნიშვნელობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებს დღემდე აქვს ქართული ისტორიული და კულტურული ცნობიერებისთვის.
„მემატიანეს“ შექმნის იდეა ეფუძნება რწმენას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული მედიის ეპოქაში ბეჭდურ გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა კვლავაც აქვს. ელექტრონული ინფორმაციის სწრაფი გავრცელების პირობებში წიგნი და ბეჭდური ჟურნალი რჩება ცოდნისა და კულტურული მეხსიერების მატერიალურ მატარებლად, რომელიც მკითხველთან განსაკუთრებულ, უშუალო კავშირს ქმნის. ჟურნალის მიზანია, ისტორიული ცოდნა აკადემიურ სივრცეს გასცდეს და ფართო საზოგადოებისთვის გახდეს საინტერესო, ხელმისაწვდომი და აქტუალური - რათა წარსულის გააზრება აწმყოს უკეთ შეცნობასა და მომავლის გააზრებაში დაგვეხმაროს.

ჟურნალი „მემატიანე“ მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და იბეჭდება სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ პოლიგრაფიულ ბაზაზე, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებასა და „საქპატენტს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

ჟურნალის მთავარი რედაქტორია გიორგი კალანდია.
პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია!

bottom of page