top of page

ლეოპოლდ ძაძამიძის რეტროსპექტული გამოფენა

25 ოქტომბერს 17:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში, ლეოპოლდ ძაძამიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.


გამოფენა ოჯახის კერძო კოლექციიდან შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს და მაყურებელს მხატვრის შემოქმედებითი სამყაროს, ინდივიდუალური ხელწერისა და ბუნების მხატვრული აღქმის თავისებურებების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.


ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძე 1922 წლის 20 ნოემბერს ზუგდიდში დაიბადა. 1941–1947 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, აპოლონ ციმაკურიძის კლასში. იგი იმ მხატვართა თაობას მიეკუთვნება, რომელმაც 1950-იან წლებში ქართულ სახვით ხელოვნებაში ახალი მხატვრული ძიებებითა და ექსპერიმენტებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ლეოპოლდ ძაძამიძის შემოქმედება გამოირჩევა თავისუფალი ფერწერული მანერით, ფერისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობითა და კონტრასტული პალიტრის გაბედული გამოყენებით.

1955 წლიდან მისი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი თბილისში, რიგაში, ვილნიუსში, კიევში, ვარშავაში, ტარტუში, მინსკსა და მოსკოვში. 1957 წლიდან იგი საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი იყო, ხოლო 1958–1964 წლებში ელენე ახვლედიანის შემოქმედებითი ჯგუფის აქტიური წევრი გახლდათ. 1964 წელს ლეოპოლდ ძაძამიძეს საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. იგი 1966 წლის 17 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია ზუგდიდში.

ლეოპოლდ ძაძამიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი პეიზაჟს უჭირავს. ბუნება მისთვის მხოლოდ გამოსახვის ობიექტი არ ყოფილა - იგი იყო სივრცე, სადაც მხატვარი სინათლის, ფერის, ატმოსფეროსა და დროის ცვალებადობას აკვირდებოდა. მისი პეიზაჟები კონკრეტული ადგილების მხატვრულ სახეებთან ერთად იმ შთაბეჭდილებებსა და განცდებსაც გადმოსცემს, რომლებიც მხატვარს ბუნებასთან შეხვედრისას უჩნდებოდა.

ძაძამიძის ფერწერაში მკაფიოდ იკვეთება იმპრესიონისტული და პოსტიმპრესიონისტული ტენდენციები. სინათლისა და ატმოსფეროს ცვალებადობის აღბეჭდვა, წამიერი შთაბეჭდილების დაჭერა, თავისუფალი ფერწერული მანერა და ფერის განსაკუთრებული გამომსახველობა მის მხატვრულ ენას განსაზღვრავს. ამავე დროს, ინტენსიური ფერები, ფორმის განზოგადება და ბუნების პიროვნულად განცდილი სახის შექმნა მის ნამუშევრებს ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს. 

გამოფენაზე წარმოდგენილი პეიზაჟები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ასახავს. მხატვარი ასევე ბევრს მოგზაურობდა და მუშაობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დაღესტანში, ბალტიისპირეთში შექმნილ ნამუშევრებს. განსხვავებული გეოგრაფიული გარემოებისა და ბუნებრივი პირობების ასახვა მის მხატვრულ ინტერესთა მრავალფეროვნებას წარმოაჩენს, თუმცა ამ მრავალფეროვნებაში მკაფიოდ იკითხება ავტორის ინდივიდუალური ხედვა და ფერწერული ხელწერა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ძაძამიძის პლენერზე მუშაობის ინტენსიურობა. მიუხედავად ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრებისა, მან შექმნა მრავალი პეიზაჟური ჩანახატი და ეტიუდი. მხატვარი ხშირად მუშაობდა უშუალოდ ბუნებაში, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სეზონსა და დღის მონაკვეთში. სწორედ ამიტომ მის შემოქმედებაში გვხვდება ერთი შეხედვით მსგავსი, თუმცა სინათლის, ფერისა და ატმოსფეროს მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული ხედები.


გამოფენა მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ ერთხელ აღმოაჩინოს მხატვრის შემოქმედება, გაეცნოს მის ფერწერულ მემკვიდრეობას და უკეთ დაინახოს ის მხატვრული ძიებები, რომლებმაც ლეოპოლდ ძაძამიძის ინდივიდუალური ხელწერა ჩამოაყალიბა.


 გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია


bottom of page