
ხელოვნების სასახლეს კიდევ ერთი საინტერესო ისტორიული საბუთი შეემატა
გიორგი კალანდია - დღეს ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდს კიდევ ერთი საინტერესო ისტორიული საბუთი შეემატება! ეს დოკუმენტი 2026 წლის აგვისტოში, ლონდონში, პორტობელოს ცნობილ ანტიკვარულ ბაზრობაზე, ერთ-ერთი ანტიკვარისაგან შევიძინე. მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება მისმა ულამაზესმა კალიგრაფიამ, ცვილის ბეჭედმა და XVIII საუკუნის ინგლისური სამართლებრივი დოკუმენტებისთვის დამახასიათებელმა გაფორმებამ. ეს არის 1797 წლის 7 ივლისით დათარიღებული ინგლისური ინდენტურა — ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება, შედგენილი მეფე გიორგი III-ის მეფობის 37-ე წელს. განსაკუთრებით საინტერესო ერთი დეტალია: 1797 წლის ამ დოკუმენტში პირდაპირ არის მოხსენიებული ინგლისის პარლამენტი! ამგვარად, ხელოვნების სასახლის კოლექციაში ხვდება არა მხოლოდ XVIII საუკუნის ულამაზესი ინგლისური ხელნაწერი დოკუმენტი, არამედ პატარა მატერიალური მოწმე იმ ეპოქისა, როდესაც ბრიტანეთს გიორგი III მართავდა და კერძო სამართლებრივი ურთიერთობები პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე რეგულირდებოდა.
