
საქართველოს ხელოვნების სასახლემ ნინო კიტოვანის მნიშვნელოვანი ნამუშევარი შეიძნა
საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციას შეემატა ქართველი მხატვრის, კონსერვატორ-რესტავრატორისა და კედლის მხატვრობის ასლების ავტორის, ნინო კიტოვანის მიერ 1999 წელს შესრულებული განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული და სამეცნიერო ღირებულების მქონე ნამუშევარი.
შეძენილი ექსპონატი წარმოადგენს ზემო სვანეთის, იფრარის თემის სოფელ ადიშის მთავარანგელოზის ეკლესიის დასავლეთ კედელზე არსებული XVIII საუკუნის კედლის მხატვრობის კომპოზიციის „ამაღლების“ მაღალხარისხიან ასლს. ნამუშევარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ეკლესიის ფრესკები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა და მათი ნაწილი დღესდღეობით უკვე დაკარგულია. ნინო კიტოვანის მიერ შესრულებული ასლი კი ინახავს მნიშვნელოვან ვიზუალურ მასალას, რომელიც ორიგინალური ფრესკის პირვანდელი სახის კვლევისა და აღდგენისათვის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს.
