
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა.
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა - ხელოვნების სასახლის უნიკალური ამერიკული კოლექციების ისტორია პირველად ერთ გამოცემაში გაერთიანდება!
საქართველოსა და ამერიკის კულტურული ურთიერთობების საუკუნოვანი ისტორია - გურული მხედრებიდან და ჯორჯ ბალანჩინიდან ედისონამდე, ჰოლივუდამდე და კოსმოსში გაშვებულ „ჩაკრულომდე“!
სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. პროექტი -„ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია“ - ხელოვნების სასახლეში დაცული ამერიკასთან დაკავშირებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მასშტაბურ კვლევას, სამეცნიერო დამუშავებას, გაციფრულებასა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენას ითვალისწინებს.
პროექტი რვა თვის განმავლობაში განხორციელდება და მისი მთავარი მიზანია ხელოვნების სასახლის ამერიკული კოლექციების სისტემური შესწავლა, გაციფრულება, დამუშავება და საერთაშორისო წარდგენა, რათა წარმოჩნდეს ამერიკული კულტურის კვალი საქართველოში და ქართულ-ამერიკული კულტურული ურთიერთობების ისტორია.
გურული მხედრები ამერიკაში და ბუფალო ბილის „Wild West“; ჯორჯ ბალანჩინი და ამერიკული ბალეტის ისტორია; „ბალეტის შავი მარგალიტი“ თამარ თუმანოვა და ჰოლივუდი; ქართველი მხატვარი სიმონ დადიანი ამერიკაში; ლექსო თორაძე და ვან კლიბერნი; არტურ მილერი თბილისში; ვახტანგ ჭაბუკიანის ამერიკული გასტროლები; რობერტ დე ნიროს ვიზიტი საქართველოში; ჯეიმს ბონდის სამყაროსთან დაკავშირებული მასალები; ედუარდ კურტისის გამოფენის მემკვიდრეობა-ეს მხოლოდ ნაწილია იმ უზარმაზარი თემატური სპექტრისა, რომელსაც პროექტი გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არანაკლებ 500 საარქივო, ფოტოგრაფიული, აუდიოვიზუალური და სამუზეუმო ობიექტის კვლევა, სამეცნიერო აღწერა და გაციფრულება.
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებისთვის ეს პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ საქართველოსა და ამერიკის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო აუდიტორიას ძვირფასი მემკვიდრეობა გააცნოს და საოცარ ისტორიებს ახალი სიცოცხლე შესძინოს.
