top of page
ლოგო-მუქი.png

ვერნერ რიუდიგერის ფოტოდღიური

4 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნება გერმანელი მხატვრის, მოგზაურისა და მკვლევრის ვერნერ რიუდიგერის მიერ მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოსა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გადაღებული ფოტოების გამოფენა.

გამოფენა მრავალი თვალსაზრისით საინტერესოა, რადგან ფოტოებზე აღბეჭდილი ქართული ისტორიული ძეგლების უმეტესობა უკვე შეცვლილია ან აღარ არსებობს. მხატვრული და ეთნოგრაფიული მნიშვნელობის გარდა, ფოტოებს სამეცნიერო მნიშვნელობაც აქვთ, რადგან ავტორმა დეტალურად გადაიღო ლაპიდარული და ფრესკული წარწერები; მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მამაწმინდის 12-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ორენოვანი (ქართული/გერმანული) კატალოგის „ვერნერ რიუდიგერის ფოტოდღიურის“ პრეზენტაცია.


გერმანელი მოგზაური საქართველოში პირველად 1971 წელს ჩავიდა. მისი დღიურის ჩანაწერების მიხედვით, იმ დროს თურქეთისა და საქართველოს შესახებ ლიტერატურა თითქმის არ არსებობდა. მან ცოტა რამ შეიტყო აჰმედ ოზგანისა და ალია მელაშვილის წიგნიდან „გურჯისტანი“, რომელიც სტამბოლში 1968 წელს გამოიცა. მოგვიანებით, მიუნხენში, სადაც რიუდიგერი გრაფიკოსად მუშაობდა, ანტიკვარული მაღაზიის ბიბლიოთეკაში წააწყდა ა. სანდერსის წიგნს „კავკასია“, რომელიც 1924 წელს გამოიცა. ეს იყო ისტორიული ესეების კრებული, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი საქართველოს ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები.

აღსანიშნავია, რომ ვერნერ რიუდიგერის ნახატების კოლექცია 2009 წლიდან საქართველოს ხელოვნების სასახლეში ინახება, ხოლო მხატვარმა მუზეუმს 2018 წელს 300-ზე მეტი უნიკალური ფოტოსურათი გადასცა.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

bottom of page